გენერალური კონსული გიორგი ხუბუა ღონისძიებაზე „FmF & Diplomatie"
საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გიორგი ხუბუამ, ორგანიზაცია Frauen mit Format (FmF)-ის მიწვევით, ღონისძიებათა სერიის „FmF & Diplomatie“ ფარგლებში წარადგინა პრეზენტაცია თემაზე - „Klein, offen, gefährlich relevant: Georgien im neuen Eurasien“.
მან ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გერმანიისა და ევროპისთვის, ქვეყნის როლზე, როგორც ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელ რგოლზე, შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობასა და სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებზე.
გიორგი ხუბუამ ასევე ყურადღება გაამახვილა ქართულ-გერმანული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებსა და საქართველოში გერმანული კომპანიების უფრო აქტიური ჩართულობის პოტენციალზე.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებთან გაიმართა დისკუსია ქართულ-გერმანული თანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივებზე.
