გენერალური კონსულის ვიზიტი ქ. დარმშტადტის ტექნიკურ უნივერსიტეტში
19 აგვისტოს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გიორგი ხუბუამ შეხვედრა გამართა ქ. დარმშტადტის ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან, პროფესორ თომას ვალტერთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პოლიტიკური სისტემების შედარებითი ანალიზისა და ინტეგრაციის კვლევების პროფესორი მიშელ კნოდტი, მენეჯმენტისა და ლოგისტიკის პროფესორი რალფ ელბერტი და მშვიდობისა და უსაფრთხოების მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პროფესორი კრისტიან როიტერი.
შეხვედრის მთავარი თემა იყო ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივა „ფრანკფურტის საკონსულო ფორუმი – შუა დერეფანი“, ასევე შუა დერეფნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული სატრანსპორტო, სავაჭრო და ეკონომიკური მარშრუტის მზარდი მნიშვნელობა.
დარმშტადტის ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან გამოითქვა დიდი ინტერესი, პროფესიული და აკადემიური ექსპერტიზით ხელი შეუწყოს „ფრანკფურტის საკონსულო ფორუმი - შუა დერეფნის“ საქმიანობას და მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ ინიციატივებში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანელ პარტნიორებს შორის მეცნიერების, ეკონომიკის, ლოგისტიკისა და დაკავშირებადობის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.
